ინდოეთში გაურკვეველ ვითარებაში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი დაიღუპა
26/12/2022 14:53:41 მსოფლიო
რუსეთის ვლადიმირის ოლქის საკანონმდებლო კრების დეპუტატი პავლე ანტონოვი 65 წლის ასაკში ინდოეთში დაიღუპა, - ნათქვამია საკანონმდებლო კრების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანტონოვის გარდაცვალების შესახებ იუწყება ინდური ტელეარხი NDTV-ც. მისი მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტად მყოფი დეპუტატი 25 დეკემბერს ოტელის მესამე სართულიდან გადავარდა, ან შესაძლოა, გადახტა, რადგან "დეპრესიაში იყო მეგობრის გარდაცვალების გამო". თუმცა გამოძიება სხვა ვერსიებზ"ც მუშაობს, - იუწყება NDTV.
ირკვევა, რომ ორი დღით ადრე დაიღუპა ანტონოვის თანამემამულე, 61 წლის ბიზნესმენი ვლადიმირ ბიდანოვი, რომელიც დეპუტატთან ერთად მგზავრობდა. იგი ოტელში გარდაცვლილი იპოვეს.
ამასთან, ინდოეთში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის პირველი მოქალაქის დაღუპვის საქმე დახურულია და "მასში საეჭვო არაფერია". მისივე ინფორმაციით, ბიდანოვის ცხედარს უკვე ჩაუტარდა კრემაცია.
ცნობისთვის: მმართველი პარტიის წევრი პავლე ანტონოვი ორჯერ იყო მოხვედრილი უმდიდრესი ადამიანების Forbes-ის სიაში და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი გახლდათ. მას ვლადიმირის ოლქში ხორცისა და ხორცპროდუქტების მსხვილი კომბინატი ჰქონდა გახსნილი. დეპუტატის ქონება 2019 წელს 9,9 მლრდ რუბლად იყო შეფასებული.


