Accentnews.ge
რუსი ჟურნალისტი – სააკაშვილზე: "რამდენადაც ვიცი, არაფორმალური გაფრთხილება მიეცა საქართველოს ხელისუფლებას"

რუსი ჟურნალისტი – სააკაშვილზე: "რამდენადაც ვიცი, არაფორმალური გაფრთხილება მიეცა საქართველოს ხელისუფლებას"

26/12/2022 13:42:25 საზოგადოება

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ისტორიკოსი ალექსეი ვენედიქტოვი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმრად აქცევს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა.

„რამდენადაც ვიცი, არაფორმალური გაფრთხილება მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ლოდინი დიდხანს მოუწევს. ეს პოლიტიკური ოპონენტის განადგურებაა! ჩვენ ხომ გვესმის, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან პრაქტიკულად, ალექსეი ნავალნი გაიმეორა [მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ის დააპატიმრეს – რედ.]. ამიტომ, მათ მე ერთ სიბრტყეში ვუყურებ მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და მათ მიმართ ჩემი სხვადასხვა დამოკიდებულებისა. შევხვედრილვარ მას [სააკაშვილს – რედ.], მისაუბრია, სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რაც ხდება, ეს საშინელებაა! მე თვალს ვადევნებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და შექმნილი ვითარება მას რეალურად აქცევს პოლიტიკურ პატიმრად“, – უპასუხა ვენედიქტოვმა საკუთარი მსხმენელის კითხვას.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. 22 დეკემბერს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S