Accentnews.ge
მედვედევი: "უკრაინის ომმა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრება მრავალი წლით შეცვალა"

მედვედევი: "უკრაინის ომმა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრება მრავალი წლით შეცვალა"

26/12/2022 09:29:53 მსოფლიო

უკრაინის ომმა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრება "მრავალი წლით შეცვალა", - თვლის ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

"უკრაინის ომმა რუსეთის მოსახლეობის ყოფა ძალიან შეცვალა. ყველამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და რა მიზნები იქნება ჩვენთვის მთავარი მრავალი წლის განმავლობაში. ფრონტის წინა ხაზზე ჭურვები სკდება, ვიღაც კი ამ დროს თვლის, რომ ეს მას არ ეხება. ერთნი ლტოლვილების განთავსების პუნქტებში მორიგეობენ და ომის შედეგად დანგრეული სახლების აღდგენაში გვეხმარებიან, მეორენი კი ამ დროს მიმდინარე მოვლენებს არ იმჩნევენ", — განაცხადა,"The Moscow Times"-ის ინფორმაციით, მედვედევმა წლის შემაჯამებელ მოხსენებაში და ამავდროულად მიესალმა "რუსული საზოგადოების მობილიზებულობას", რის მტკიცებულებადაც "ფრონტზე ათასობით მოხალისეს გამგზავრება" დაასახელა.

მედვედევმა რუსეთიდან მოქალაქეთა გაქცევის პირდაპირი დაგმობისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ "თითოეული მათგანის მოტივი არ იცის", თუმცა აღნიშნა, რომ ამ გზით "რუსულ საზოგადოებაში უცხო ტოქსიკური მასა ქრება". "ჩვენში ჯერ კიდევ რჩებიან მოღალატეები — ისინი, ვისაც საომარი კამპანიის მიმდინარეობის პირობებში სამშობლოსა და მისი ჯარის მარცხი სურს. მათთვის პატიება არ იქნება!" - განაცხადა რუსმა ჩინოსანმა.

თავად "სამხედრო ოპერაციის" მიზნებად მან "ახალ ტერიტორიებზე თანამოქალაქეების დაცვა", "უკრაინის ამაზრზენი, თითქმის ფაშისტური რეჟიმის დენაციფიკაცია", "უკრაინული სახელმწიფოს სრული დემილიტარიზაცია" და "სამომავლოდ შესაძლო აგრესიებისგან დაცულობის გარანტირება" დაასახელა. "საუბარია არა მხოლოდ დონბასის მოძმე რესპუბლიკების დაცვაზე, არამედ თავად რუსეთის გადარჩენაზე" - დასძინა მედვედევმა.

ამასთან, პრეზიდენტ პუტინის ორიოდ დღის წინანდელი განცხადების საპირისპიროდ, მან უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა. "ნებისმიერი მოლაპარაკებები ამჟამინდელ - მარიონეტულ უკრაინულ რეჟიმთან სრულიად უაზრო გახდა", — განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, მისივე აზრით, რუსეთს "არავისთან არაფერი და არაფრისთვის აქვს სალაპარაკო" დასავლეთშიც.

მედვედევმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, "მრავალი წლით დაივიწყონ დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობები" და იქვე დასძინა, რომ რუსეთი "დასავლეთის გარეშეც მშვენივრად გაძლებს მანამ, სანამ იქაურ ხელისუფლებებში გონიერი პოლიტიკოსების ახალი თაობა არ მოვა".

ამავდროულად, იგი გამოვიდა გაფრთხილებით, "მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული საფრთხის ზღვარზე ბალანსირებსო" და იქვე დასძინა, რომ "რუსეთი ყველაფერს იღონებს მათ არდასაშვებად" . "ჩვენს მტრებს ის აჩერებს, რომ მოსკოვს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია და რეალური საფრთხის შემთხვევაში მათ დაარტყამს. უბედურება ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში სამომავლოდ ვეღარავინ გაერკვევა, რა მოხდა — საპასუხო დარტყმა, თუ პრევენტიული. ეს, რა თქმა უნდა, დასავლელებს შიშს ჰგვრით", — აღნიშნა მედვედევმა. მისივე მტკიცებით, "რაც მალე იქნება მიღებული მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც რუსეთისთვის იქნება მისაღები, მით სწრაფად ნორმალიზდება სიტუაცია, თუმცა თუ რუსეთი გარანტიებს ვერ მიიღებს, დაძაბულობა განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S