ტაივანი მის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში ჩინეთის უმსხვილესი შეჭრის შესახებ იუწყება
26/12/2022 09:18:16 მსოფლიო
ჩინეთმა ტაივანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში რამდენიმე ათეული თვითმფრინავი და გემების ჯგუფი შეიყვანა, - იუწყება კუნძულის თავდაცვის სამინისტრო.
კერძოდ, მისი ინფორაციით, ტაივანის საზღვრებს 71 ჩინური თვითმფრინავი და 7 გემი მიუახლოვდა, რაც დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ტაივანის სიახლოვეს ჩინური ტექნიკის ყველაზე დიდი რაოდენობაა, - იუწყება Reuters.
მისივე ინფორმაციით, საპასუხოდ ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაციასა და ფლოტში განგაში გამოაცხადეს, ასევე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო დანაყოფები.
ცნობისთვის: 25 დეკემბერს ჩინური ჯარი ტაივანის რაიონში მართავდა წვრთნებს, რომელიც, პეკინის მტკიცებით, წარმოადგენდა საპასუხო ნაბიჯს "ტაივანი-ამერიკის პროვოკაციებზე".
ამ დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაამტკიცა 858-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი, რომელთაგან 10 მლრდ დოლარი ტაივანის სამხედრო დახმარებისთვისაა გათვალისწინებული.
პეკინი ტაივანს თავის აჯანყებულ პროვინციად მიიჩნევს. აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმის რუსული სცენარი გამოიყენოს კუნძულზე შესაჭრელად.


