ჩინეთში COVID-19–მა კვლავ იფეთქა
23/12/2022 17:17:18 მსოფლიო
ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჯამში, დეკემბრის პირველ 20 დღეში კორონავირუსული ინფექციით 248 მილიონი ადამიანი დაავადდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 18%-ს შეადგენს. შეხვედრის ოქმში არ წერია რამდენი ადამიანი დაიღუპა.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო COVID-19-ის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში. ამან გამოიწვია ვირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელება საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ბუნებრივი იმუნიტეტის დაბალი მაჩვენებელი აქვს. აღნიშნულია, რომ პეკინისა და სიჩუანის პროვინციის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი კორონავირუსით დაინფიცირდა.
Bloomberg-ის მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდვიტარება "პროგნოზირებადი და კონტროლირებადია":
”ვაქცინაციის დონე იზრდება, მკურნალობის შესაძლებლობები უწყვეტად ვითარდება, სამედიცინო მარაგების წარმოების შესაძლებლობები ფართოვდება და მთლიანი მიწოდება სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას”.
ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება დეკემბრის დასაწყისში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ.


