აშშ-ის სენატი დათანხმდა ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას
23/12/2022 14:45:14 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს.
შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ აღწერს თანხების კონფისკაციის მექანიზმს, საუბარია მხოლოდ იმის დახარჯვაზე, რაც უკვე ამოღებულია.
შესწორების მომხრე სენატორმა მაიკლ ბენეტმა, რომელიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი "სიგნალს უგზავნის პუტინს და მის ბანდას, რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას.”


