Accentnews.ge
ინციდენტი კახეთში: რუსეთის მოქალაქეები ქართველებს მეორედ უბოდიშებენ

ინციდენტი კახეთში: რუსეთის მოქალაქეები ქართველებს მეორედ უბოდიშებენ

23/12/2022 11:42:29 პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეებმა რომან კონოგრაიმ და რაილ არსლანოვმა ბოდიში მოიხადეს კახეთში, ნიახურის ციხესიმაგრეში ჩადენილი ქმედების გამო, რომლის ამსახველმა ვიდეორგოლმა ქართულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

ვიდერგოლში ერთ-ერთი ბლოგერი ციხესიმაგრის კარს წიხლით აღებს და აცხადებს, რომ "ეს არის აპარტამენტები, რომელიც მან საქართველოში იქირავა".

საქართველოს შსს-მ მომხდართან დაკავშირებით საქმე კულტურული ძეგლების დაზიანების მუხლით აღძრა.

ბლოგერებმა "მობოდიშება" ერთხელ უკვე სცადეს, თუმცა ძალიან "თავისებურად" და ქართველ კომენტატორებს მოუწოდეს, "ნუ იქნებიან ესოდენ ავები".

ამჯერად რომან კონოგრაიმ საკუთარ ქმედებას "შეცდომა" უწოდა და განაცხადა, რომ "ქართველების შეურაცხყოფა არ სურდა".

"ყველა ჩემს ვიდეოში ყოველთვის ვაჩვენებ, როგორ მიყვარს საქართველო, როგორი მაგარი ხალხია აქ, როგორი მაგარი, ლამაზი ქვეყანაა. ციხესიმაგრე მიტოვებულ ადგილად გამოიყურებოდა, მისი კარი კი ჩამოგდებული იყო და არაფრით იყო მიმაგრებული. გამოძიების ფარგლებში ეს ადგილი კვლავ მოვინახულეთ პოლიციელებთან ერთად, ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა. თავად ციხესიმაგრე იჯარითაა გაცემული და მისი კარი მხოლოდ ამ ინციდენტის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ გაამაგრეს. ჩვენ ყოველთვის დიდი პატივისცემით ვართ სხვადასხვა ხალხების კულტურის მიმართ. გვსურს, მოვუბოდიშოთ ქართველებს კართან დაკავშირებული ინციდენტის გამო. რაღა თქმა უნდა, ეს ვანდალიზმის მიზნით არ ჩაგვიდენია. ეს იყო უხეირო ხუმრობა. არ გვიფიქრია, რომ საქმე გვქონდა ისტორიულ ადგილთან. თუმცა თავად ეს კარი ისტორიული არაა - ახალია", – ამბობს ბლოგერი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ამჯერად ქართული სუბტიტრებიც დაურთო.

ნიახურის ციხესიმაგრე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში მდებარეობს და XVII-XVIII ს.ს. კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S