არესტოვიჩი: "საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს"
23/12/2022 10:59:40 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნელი სიკვდილით კვდება" და რომ "საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს".
"სააკაშვილი რომ ციხეში დაიღუპოს, ყველა იტყვის, რომ მათ [საქართველოს ხელისუფლებამ - რედ.] მოკლეს და ეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცევა შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში – პროვოკაციების, მასობრივი არეულობის, რევოლუციისა და ა.შ. ჩათვლით", – თვლის არესტოვიჩი.
მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ მოსკოვის შიშით არ უშვებს.
"ისმის კითხვა: ასე ძალიან ვისი ეშინიათ? პასუხი მარტივია: იმის, ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება (ან უკვე აღარ ეშინია)", – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა ქვეყანას სხვა აუარებელი უბედურებაც მოუტანა, საქართველო სადღეისოდ "აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს".
ადრე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისას არესტოვიჩმა განაცხადა, რომ "თბილისში სააკაშვილის მკვლელობისაც ეშინიათ და მისი ვინმესთვის გადაცემისაც, ამდენად, გადაწყვიტეს, იგი ნელი სიკვდილით მოკლან".


