ბლინკენმა G7-ელ კოლეგებთან უკრაინის სამშვიდობო წინადადება განიხილა
23/12/2022 07:40:22 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 22 დეკემბერს, დილით, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ G7-ელ კოლეგებთან უკრაინის სამშვიდობო წინადადებები განიხილა.
CNN-ის ცნობით, ბლინკენმა ზელენსკის წინადადებებს "კარგი დასაწყისი" უწოდა და აღნიშნა, რომ "ეს ისაა, რაში მონაწილეობის საშუალებაც თითოეულსა და ყველას უნდა ჰქონდეს".
"უკრაინასთან მთელი ჩვენი საუბრებიდან, პრეზიდენტების ბაიდენისა და ზელენსკის გუშინდელი საუბრის ჩათვლით, ცხადი ხდება, რომ ჩვენ ერთი და იგივე მიზნები გვაქვს: თავისუფალი და დამოუკიდებელი, აყვავებული, დემოკრატიული უკრაინა, რომელიც დემონსტრირებს, რომ გაერო-ს წესდების პრინციპები დაცულია, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ჩათვლით. ეს ისაა, რაც პრეზიდენტმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა. უკრაინამ გვაცნობა, რომ ამჟამად კონცენტრირებულია თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე. თავად უკრაინა გადაწყვეტს, როგორი იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობა" - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის: 21 დეკემბერს, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკელ კოლეგა ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა და კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ "მზადაა, ეძებოს სამართლიანი მშვიდობა, პუტინი კი ომის დასრულებას არ აპირებს".
თავის მხრივ, კრემლში განაცხადეს, რომ აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის დროს "არ გაჟღერებულა სიტყვები, რომელიც მანიშნებელი იქნებოდა მზადყოფნისა, გაითვალისწინონ რუსეთის შეშფოთებები". მოგვიანებით პრეზიდენტმა პუტინმა მოკლე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი "არასოდეს ყოფილა მოლაპარაკებების წინააღმდეგი" და რომ "სწორედ უკრაინამ აუკრძალა საკუთარ თავს კანონით მოსკოვთან მოლაპარაკებების მართვა".
ცნობისთვის: ომის პირველ თვეებში პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად გამოდიოდა პუტინთან შეხვედრის ინიციატივით, მაგრამ რუსეთი უარზე იყო. ახლა, როცა რუსულ ჯარს ფრონტზე საკმაოდ გაუჭირდა და მოსკოვი ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ აღწევს, უკვე პუტინი გამოდის მოლაპარაკებებების გამართვის ინიციატივით და ამ წინადადებამ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე რვაჯერ გაიჟღერა.


