დონეცკში დაჭრილ როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ
23/12/2022 06:57:34 მსოფლიო
უკრაინაში დაჭრილ რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, „როსკოსმოსის“ ყოფილ ხელმძღვანელ დმიტრი როგოზინს ოპერაცია ვერც დონის როსტოვის კლინიკაში გაუკეთეს და მოსკოვში გადაიყვანენ. ამის შესახებ რუსული სააგენტოები "რია ნოვოსტი" და "ტასი" იუწყებიან.
რუსული მედიის ცნობით, როგოზინი 21 დეკემბერს დაიჭრა ქალაქ დონეცკში უკრაინელი სამხედროების მიერ ერთ-ერთ სასტუმროსა და რესტორან „შეშ-ბეშზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად.
როგოზინი, რომელიც თავად აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია, დონეცკში იმყოფება, 21 დეკემბერს დაბადების დღეს აღნიშნავდა. როგოზინი ირწმუნება, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა მოხალისეთა ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ სამუშაო თათბირს ატარებდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში 21 დეკემბერს განხორციელებული შეტევისას დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის როგოზინის თანაშემწე მიხაილ ბრიდასოვი. 22 დეკემბერს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე როგოზინმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და იმყოფებოდა დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე.
2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.


