Accentnews.ge
The Washington Post –  აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების სამი მოდელი აქვს

The Washington Post –  აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების სამი მოდელი აქვს

22/12/2022 19:41:06 მსოფლიო

აშშ-ს აქვს სამი განსხვავებული მოდელი, თუ როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. თითოეულ მოდელს ჰყავს მომხრეები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, – იუწყება The Washington Post.

გამოცემის ცნობით, სამივე მოდელის მხარდამჭერები რუსეთთან ომში უკრაინის გვერდით დგანან, მაგრამ მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმ დათმობების შესახებ, რომლებზეც შეიძლება, კიევი წავიდეს.

როგორც ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია კვლავ ისაა, რომ გადაწყვეტილებები რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ და უკრაინის პოზიცია კიევის საქმეა და არა შეერთებულმა შტატების. თუმცა შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი აზრი კიევს გაუზიაროს.

პირველი მოდელი ფაქტობრივად შეესაბამება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, რომელიც ანექსირებულია 2014 წლიდან.

მეორე მოდელი ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ ეკავათ 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთის არმიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი. ამავე მოდელის თანახმად, ყირიმი და დონბასის ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.

მესამე მოდელის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორია ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული რეგიონები - მაგრამ არა ყირიმი, უკრაინის კონტროლის ქვეშ იქნება. ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის და შესაძლოა, დონბასის ნაწილის, საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.

ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ბოლო ორი წინადადება მიუღებელია უკრაინისთვის. თუმცა The Washington Post -ის ცნობით, ოთხშაბათს თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლო პირობების საკითხი მაინც წამოჭრა.

გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ ეს იყო წმინდა თეორიული საუბარი, რადგან თავად რუსეთს ჯერ არ გამოუცხადებია ჯარების გაყვანისთვის მზადყოფნა 24 თებერვლამდელ პოზიციებზეც კი. ოფიციალურად, კრემლი ყირიმსა და უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსია ოქტომბერში მოხდა, რუსეთის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. (ამავდროულად, რუსეთის ჯარი მთლიანად აკონტროლებს მხოლოდ ყირიმს, ხოლო სხვა რეგიონების ტერიტორიებს - მხოლოდ ნაწილობრივ).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S