პუტინს ომის დასრულება სურს
22/12/2022 19:18:48 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება სურს. ამის შესახებ მან დღეს მოკლე ბრიფინგზე განაცხადა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ მან სწორედ სიტყვა "ომი" გამოიყენა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე 10-თვიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიმართ, რომელსაც აქამდე "სპეცოპერაციას" უწოდებდა.
«ჩვენი მიზანია, სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია კი არ მოვახდინოთ, არამედ პირიქით, დავასრულოთ ომი, - ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და ასე იქნება მომავალშიც. […] რაც მალე დასრულდება, მით უკეთესია, რაღა თქმა უნდა», — განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ "რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს".
«ყველა შეიარაღებული კონფლიქტი საბოლოოდ, ასე თუ ისე, გარკვეული მოლაპარაკებებით სრულდება დიპლომატიურ ტრეკზე. ჩვენის მხრივ, მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს გვითქვამს. ეს უკრაინის ხელმძღვანელობამ აუკრძალა საკუთარ თავს კანონით მოლაპარაკებების გამართვა. და მაინც, ადრე თუ გვიან, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხდებიან. რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვიპირისპირდება, მით უკეთესი», — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: ომის პირველ თვეებში უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად გამოდიოდა პუტინთან მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით, მაგრამ ეს უკანასკნელი უარზე იყო. ახლა, როცა ფრონტზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა და რუსულ ჯარს სერიოზული პრობლემები აქვს, პუტინი უკვე მერვედ გამოდის მოლაპარაკებათა გამართვის ინიციატივით, თუმცა საკუთარი პირობებით, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელია.
იხილეთ ასევე: პუტინი: "Patriot არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენი C-300, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ანტიდოტს"
საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებების აუცილებლობა დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის ლიდერმა ჯოზეფ ბაიდენმაც ახსენა.


