ჩავუშოღლუ: "შვედეთი, რომელსაც ნატო–ში გაწევრიანება სურს, თურქეთის მხარდაჭერის მოსაპოველად აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ნახევარ გზაზეც არ არის"
22/12/2022 14:51:43 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს რიგი მოთხოვნები, რათა ნატო–ში გაწევრიანდეს.
"ანკარა აფასებს შვედეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო–ში გაწევრიანებისთვის თანხმობის მისაღებად, თუმცა ჩვენი მხარდაჭერის მოსაპოველად აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ჯერ–ჯერობით ნახევარ გზაზეც არ არის. შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ გადასცეს თურქეთს 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებასთან სავარაუდო კავშირების გამო ძებნილი პირი, ალიანსში შვედეთის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პოზიტიური ატმოსფერო მოწამლა. თურქეთის მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ექსტრადიციებისა და ქონების დაყადაღების შესახებ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი წევრის მისაღებად ალიანსის ამჟამინდელი 30 წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. თურქეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს და მოითხოვს ფინეთისა და შვედეთისგან, გაუსწორდნენ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და სურს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ექსტრადირება.
ნატო–ს 28 ქვეყნის პარლამენტმა უკვე მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წევრობის რატიფიცირება. მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ თანხმობა.


