
ირანი ზელენსკის აფრთხილებს
22/12/2022 14:32:33 მსოფლიო
ირანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აფრთხილებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, "უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით ირანის მოთმინება უსაზღვრო არ არის".
"შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ზელენსკის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეიცავდა ირანის მიმართ ბრალდებებსა და უხამს განცხადებებს. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვცემთ ქვეყნების, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ ირანის სტრატეგიული მოთმინება უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით უსაზღვრო არ არის. ბატონმა ზელენსკიმ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს რიგი ქვეყნების ლიდერების ბედისწერიდან, რომლებსაც ამერიკის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პეს–სპიკერმა ნასერ ქანაანმა.
აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ირანი გააკრიტიკა. მან თქვა, რომ ირანის მიერ რუსეთში გაგზავნილმა ასობით ე.წ. კამიკაძე "დრონმა" ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა.
"რუსეთმა ირანში მოკავშირე იპოვა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. უბრალოდ დროის საკითხია, როდის დაარტყავენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ", – განაცხადა ზელენსკიმ.
ირანმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ რუსეთს "დრონები" ნამდვილად გაუგზავნა, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული უკრაინაში ომის დაწყებამდე განხორციელდა.