ბაიდენი: "რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გასამართი გახდება"
22/12/2022 10:59:12 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დარწმუნებულია, რომ "რუსეთი უკრაინასთან ომში ვერ გაიმარჯვებს", თუმცა "პუტინთან მოლაპარაკებები მაინც გასამართია". ამის შესახებ მან ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონეფერციაზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, "განურჩევლად იმისა, ითვლება თუ არა მოწინააღმდეგე ლიდერი მტრად, მასთან დიალოგი საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლად რჩება".
"მთელი პოლიტიკა პერსონალურია, იგი ერთმანეთისთვის თვალებში ყურებაზეა აგებული. განურჩევლად იმისა, მტერია თუ მოყვარე, არ არსებობს სხვა ვარიანტი, თუ არა ერთმანეთის პირისპირ დავსხდეთ და თვალებში ჩავხედოთ" - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
პუტინთან დიალოგისთვის მზადყოფნის მიუხედავად, იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს. სწორედ ამის ნიშნად მიაჩნია ბაიდენს რუსეთის გადასვლა უკრაინული სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაზე.
"ეს ბიჭი (პუტინი - რედ.) აგებს. წარსულშიც წაუგია. ზელენსკისთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ვერ მოიგოს" - დასძინა მან.
ცნობისთვის: ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას "თითქმის 2 000 ტანკსა და სხვა ტექნიკას" მიაწვდის.


