
მთავარეპისკოპოსი ზენონი კიევში ეპიფანე პირველს შეხვდა
22/12/2022 10:56:31 საზოგადოება
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული უკრაინაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლეს იერარქს, ეპიფანე პირველს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონიც.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ზენონ იარაჯულმა გამოაქვეყნეს.
ეპიფანე პირველი არის იმ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის რუსეთის ეკლესია, ავტოკეფალურად არ აღიარებს.
ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის იანვარში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსგან მიიღო.
ზენონ იარაჯული წინა თვეში გაათავისუფლეს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან. აღნიშნულის მიზეზად საქართველოს საპატრიარქომ ეპარქიაში შექმნილი „მძიმე მდგომარეობა“ დაასახელა.