"მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება ომში": ზელენსკი აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას
22/12/2022 09:25:54 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
„მომავალი წელი ამაში გადამწყვეტი პერიოდია. დრო, როდესაც უკრაინული სიმამაცე და ამერიკული მონდომება უნდა იყოს გარანტი ჩვენი თავისუფლების მომავლისთვის. ადამიანების თავისუფლებისთვის, რომლებიც იცავენ თავიანთ ღირებულებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია შეაჩეროს ეს აგრესია „თუ მას ეს სურს“.
”მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, დააჩქაროთ ჩვენი გამარჯვება, მე ეს ვიცი. და ეს დაუმტკიცებს ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს, რომ ვერავინ შეძლებს, დაარღვიოს სხვა ქვეყნის საზღვრები, ჩაიდინოს სისასტიკე და ადამიანებზე მათი ნების წინააღმდეგოდ იბატონოს. გულუბრყვილოა მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების მოლოდინი რუსეთისგან, რომელსაც მოსწონს, იყოს ტერორისტული სახელმწიფო. რუსები კვლავ მოწამლულნი არიან კრემლით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან განიხილა უკრაინული "მშვიდობის ფორმულა" და ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას.
„საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აღდგენა ჩვენი საერთო ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. უკრაინამ უკვე გააჟღერა შესაბამისი წინადადებები და მე განვიხილეთ ისინი პრეზიდენტ ბაიდენთან - ჩვენი ფორმულა მშვიდობისთვის, ათი პუნქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, 10 წლის გარანტიით. და სამიტი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს - დღეს სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარი დაუჭირა ჩვენს ამ ინიციატივას. თითოეულ თქვენგანს, ქალბატონებო და ბატონებო, შეუძლია, წვლილი შეიტანოს მის განხორციელებაში, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა დარჩეს უპირობო, ორპალატიანი და ორპარტიული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია სანქციების გაძლიერება ისე, რომ რუსეთს აგრძნობინოს, რამდენად დესტრუქციულია მისი აგრესია.
„თქვენს ხელშია, დაგვეხმაროთ, პასუხისგებაში მივცეთ ყველა, ვინც ეს არაპროვოცირებული და უკანონო ომი გააჩაღა.მოდით, გავაკეთოთ ეს! დაე, ტერორისტულმა სახელმწიფომ აგოს პასუხი ტერორზე და აგრესიაზე და აანაზღაუროს ომით გამოწვეული ყველა დანაკარგი. დაე, მსოფლიომ დაინახოს, რომ შეერთებული შტატები აქ არის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას აპლოდისმენტები მოჰყვა.
კონგრესში გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.


