მედვედევის თვითმფრინავი ორ თვეში ათჯერ გაფრინდა საზღვარგარეთ, მათ შორის დოჰასა და დუბაიში
22/12/2022 07:30:46 მსოფლიო
თვითმფრინავმა, რომელსაც იყენებდნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და მისი მეუღლე სვეტლანა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ათი საერთაშორისო ფრენა შეასრულა, – იუწყება გამოცემა "Верстка" სერვის Flightradar–ის მონაცემებზე დაყრდნობით.
Bombardier Global Express 5000 ნომრით RA-67226, Airport-Data–ს მიხედვით, რეგისტრირებულია მედვედევის მეუღლეზე.
თვითმფრინავი სამჯერ გაფრინდა კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ორჯერ– ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში (პირველი რეისი იყო 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, მეორე - 14 ნოემბერს). ბოლო რეისი დუბაიში 20 დეკემბერს განხორციელდა.
9 დეკემბერს თვითმფრინავი თეირანში დაეშვა, სადაც ორი დღე დარჩა, 28 ნოემბერს კი სტამბოლში გაფრინდა. დოჰაში ყოფნისგან განსხვავებით, დიმიტრი მედვედევის ამ ქალაქებში ვიზიტების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს - ბელარუსს, ყირგიზეთსა და სომხეთს ესტუმრა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინმა დსთ-ს ფარგლებს გარეთ მხოლოდ ერთხელ იმოგზაურა – ირანში.
როგორც იუწყებიან, თავდაპირველად Bombardier Global Express 5000 თვითმფრინავი, რომლის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონი იყო, ეკუთვნოდა VTB Leasing-ის შვილობილი კომპანიას, შემდეგ ის მიყიდეს ოფშორულ კომპანიას IF Company Limited და გადაეცა სვეტლანა მედვედევას.


