
ალასანია: "ვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები იმიტომ, რომ მაკვდება ხელში შვილი"
22/12/2022 07:11:53 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე პროცესი დაიწყო. მასზე დასასწრებად უკვე მივიდა სააკაშვილის დედა გიული ალასანია. შესვლამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ითხოვს პროცესები სწრაფად ჩატარდეს.
"ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები, იმიტომ რომ მაკვდება ხელში შვილი", - განაცხადა გიული ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. იმავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.