
დონეცკში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი დაიჭრა
22/12/2022 06:10:41 მსოფლიო
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი ქალაქ დონეცკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ.
მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც როგოზინთან ერთად სამხედრო მრჩევლები იმყოფებოდნენ. სხვა წყაროების თანახმად, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.
თანაშემწე აცხადებს, რომ ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი ცნობით, დაჭრილი არიან როგოზინის თანმხლები პირებიც, მათ შორის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო.
უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.