რუსეთში წელს მეტი მომიტინგე დააკავეს, ვიდრე მთელი 10 წლის განმავლობაში
21/12/2022 19:30:16 მსოფლიო
თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით რუსეთში ანტისაომარ აქციებზე პოლიციამ დააკავა 19 443 ადამიანი, – აღნიშნული გარემოება გამოცემა "Верстка"–მ ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტ "ОВД-Инфо" -სთან ერთად გამოიკვლია.
დაკავებულთა შორის 8469 ქალი და 10333 მამაკაცია. ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების თქმით, ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია: 2012 წლიდან 2021 წლამდე დაკავებულთა რაოდენობამ 4 000 ადამიანს არ აღწევდა. 2021 წელს ეს ვითარება შეიცვალა: იანვარსა და თებერვალში საპროტესტო აქციებზე ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ დააკავეს 17 600-ზე მეტი ადამიანი.
"ჩვენი გათვლებით, თებერვლის ბოლოდან მხოლოდ 18 დღე გავიდა დაკავების გარეშე. ანუ თითქმის ყოველდღე ვიღაც ომს აპროტესტებს", - ამბობს იურისტი დარია კოროლენკო.
გარდა ამისა, 5000-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე აღიძრა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც სიტყვით გამოხატეს თავიანთი პოზიცია ომის შესახებ. ასევე, ომის თითქმის ათ თვეში 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის საწინააღმდეგო პოზიციის მქონე რუსების წინააღმდეგ. ამ საქმეებში ბრალდებული ან ეჭვმიტანილი სულ მცირე 378 ადამიანი გახდა, მათგან 7 არასრულწლოვანი.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მხრივ პირველ ადგილზე იყო მუხლი „რუსეთის არმიის შესახებ „ფაიკების“ გავრცელების თაობაზე. ბრალი სულ მცირე, 124 ადამიანს წაუყენეს. მეორე ადგილზეა მუხლი ვანდალიზმის შესახებ, რომელიც სულ მცირე, 46 ადამიანს შეეხო. ამ მუხლით დევნიდნენ პირებს, რომელთაც დააზიანეს Z და V სიმბოლოები, რომლებიც რუსული არმიის მოქმედებების მხარდასაჭერად გამოიყენება. მესამე პოზიციას იკავებს „რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ“ მუხლი, რომლითაც პასუხიგებაში მინიმუმ, 37 პირი მისცეს.
პროტესტის პიკი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან მალევე დადგა, შემდეგ რეპრესიებისა და კანონმდებლობის გამკაცრების ფონზე, აქციებში მონაწილეთა რაოდენობამ კლება დაიწყო. 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გიმართა: ერთ დღეში უსაფრთხოების ძალებმა 42 ქალაქში 1330 ადამიანი დააკავეს.


