
ქარტიამ "იმედის" ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს დარღვევა დაუდგინა
21/12/2022 14:59:46 საზოგადოება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები დაარღვია. გადაწყვეტილება 28 ნოემბრის სიუჟეტთან დაკავშირებით 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.
სიუჟეტში, რომლის ეთიკური სტანდარტებით მომზადებასაც ქარტია განიხილავდა, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს ურეკავდა და პასუხს სთხოვდა. შემდეგ მან მიღებული პასუხები ეთერში სტუმართან და თანაწამყვანებთან ერთად განიხილა.
"ჟურნალისტი დაუკავშირდა რესპონდენტებს და მართალია, გაუმხილა, რომ იყო ჟურნალისტი და დაასახელა ვინაობა, თუმცა არ განუმარტავს, რომ მათთან საუბარი იწერებოდა და გამოყენებული იქნებოდა გადაცემაში. როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება, შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა. ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა.