პუტინი თავს იმართლებს
21/12/2022 14:45:06 მსოფლიო
რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, – ირწმუნება კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი.
მან კვლავ მიმართა რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს იმის თაობაზე, რომ „ნეონაცისტებს რუსეთთან ბრძოლაში იყენებენ“.
პუტინის მტკიდებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სურდა, ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ იქ რუსეთს არ ელოდებოდნენ.
"დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება. ისინი ამ საკითხზე წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთეთ, გვეგონა რომ ამ თითქოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილები გავხდებოდით. აღმოჩნდა რომ თურმე იქ არ გველოდებიან. პირადად მეც ვცდილობდი ეს მომხდარიყო, თუმცა არა. მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს ჩვენს დასასუსტებლად, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები სამხრეთ კავკასიაში. მათ ეს ვერ მოახერხეს და ეს ისტორიის ეს მძიმე მომენტი გადავლახეთ. დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო. განსაკუთრებით უკრაინაში. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. მთელი ინსტიტუციები აამოქმედეს. ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ცბიერად და უნდა აღინიშნოს ეფექტურად მუშაობდნენ. არაფერი გამოვიდა- ვერ შევძელით. დღემდე ვფიქრობ რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია. ის რაც დღეს ხდება ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის - ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, რომელიც რუსეთის დეზინტეგრაციაში მდგომარეობს“, – თქვა პუტინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ფიგურირებდა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში გაღვივებულ ყველა კონფლიქტში, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო და ამჟამად ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ქვეყნის ორ რეგიონზე – ცხინვალსა და აფხაზეთზე, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და მხარს უჭერდა სეპარატისტებს, 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს“. უკანასკნელი აგრესიის შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის იზოლაციაში მოქცევის პროცესი დაიწყო.
.


