მობილიზაციის "დასრულების" მიუხედავად, პუტინმა სამობილიზაციო საბჭო შექმნა
21/12/2022 11:53:09 მსოფლიო
მიუხედავად ხელისუფლების არაერთგზის მტკიცებისა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაცია "დასრულდა", პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში სამობილიზაციო საბჭო ჩამოაყალიბა. შესაბამისი ბრძანებულება სამართლებრივი ინფორმაციის საიტზე გამოქვეყნდა. ამასთანავე, სამთავრობო გუნდი გაწვევის პროცედურებზე მუშაობას განაგრძობს, - იუწყება "The Moscow Times".
31-კაციანი საბჭოს შემადგენლობაში შედიან მისი თავმჯდომარე - ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი, სენატორები და დეპუტატები, ასევე რაშისტი სამხედრო კორესპონდენტები, მათ შორის - მიხეილ ზვინჩუკი, სემიონ პეგოვი, ევგენი პოდდუბნი და ალექსანდრე სლადკოვი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება მობილიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს მისი ვითომდა დასრულების შემდეგ ახორციელებს. ნოემბრის ბოლოს პუტინმა სამხედრო ვალდებულების მქონე ყველა მოქალაქის ერთიანი რეესტრის ჩამოყალიბების ბრძანება გასცა. რეესტრი მიერთებული იქნება საარჩევნო, საგადასახადო, საპენსიო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მონაცემთა ბაზებს.
პუტინმა მობილიზაციის ვითომდა დასრულების შესახებ 31 ოქტომბერს განაცხადა, თუმცა შესაბამისი ბრძანებულებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.
ვარაუდობენ, რომ რიგით მეორე სამობილიზაციო ტალღა რუსეთში იანვარ-თებერვალში, საახალწლო ღონისძიებების დასრულებისთანავე დაიწყება.


