
ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა საქართველო ფეროსილიკომანგანუმის დემპინგში დაადანაშაულა
21/12/2022 10:21:41 პოლიტიკა, ეკონომიკა
ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (ეეკ) კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ფეროსილიკომანგანუმისთვის ანტიდემპინგური მოსაკრებლის დაწესების თაობაზე.
ეკკ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივმოქმედი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს.
როგორც ორგანიზაციის საიტზეა მითითებული, გადაწყვეტილება მიღებულია ანტიდემპინგური გამოძიების შედეგების საფუძველზე, რომელიც კავშირის შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტმა 2021 წლის 28 ივნისს ფეროსილიკომანგანუმის რუსი მწარმოებლების – სს «Челябинский электрометаллургический комбинат»-ისა და შპს «Западно-Сибирский электрометаллургический завод»-ის განაცხადების საფუძველზე დაიწყო. განაცხადს მხარი დაუჭირეს ყაზახურმა კომპანიებმა – «Таразский металлургический завод»-მა, «Темиртауский электрометаллургический комбинат»-მა და «Аксуский завод ферросплавов – филиал АО «ТНК «Казхром»-მა.
«გამოძიების შედეგად გამოვლინდა ქართული საქონლის სადემპინგო იმპორტი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ეკონომიკისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი. ამასთან, როგორც კავშირის სავაჭრო ბლოკში აღნიშნეს, ქართული ფეროსილიკომანგანუმის მოწოდებების მნიშვნელოვანი (2,3-ჯერ) ზრდა 2017 წელს - უკრაინული საქონლის მიმართ ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარების შემდეგ დაფიქსირდა», – ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რუსული ТАСС-ის ცნობით, ანტიდემპინგური ღონისძიების მოქმედების ვადა 5 წელია, ხოლო მოსაკრებლის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით საბაჟო ღირებულების 21,4-24,22%-ით განისაზღვრა. მოსაკრებლის მოქმედების პერიოდში დეპარტამენტი ბაზარზე ფასთა მონიტორინგს განახორციელებს სანქციის გადახედვის შესაძლებლობით.
გადაწყვეტილება ოფიციალური გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ შევა ძალაში.
ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ამ პროდუქციის ექსპორტმა 454.8 მლნ დოლარი (ჯამური ექსპორტის 9%) შეადგინა. მათგან რუსეთში ექსპორტმა 108.8 მლნ დოლარს გადააჭარბა.