კრასნოიარსკში აქტივისტებმა „ვაგნერელთა“ სავარაუდო სასაფლაო აღმოაჩინეს
21/12/2022 09:40:50 მსოფლიო
კრასნოიარსკში აქტივისტებმა „ვაგნერელთა“ სავარაუდო სასაფლაო აღმოაჩინეს
აქტივისტებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სავარაუდო სასაფლაო აღმოაჩინეს კრასნოიარსკის ოლქის სოფელ ბაკინსკიში. მედიის ცნობით, ამ ტერიტოიაზე მდებარე რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის ბაზაზე „ვაგნერის“ სასწავლო ცენტრი მდებარეობს.
„კავკაზ.რეალიის“ რედაქციას „ვაგნერელთა“ სავარაუდო სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობა ტელეგრამ–არხ „კრასნოდარელი ტიტუშკების“ ავტორმა, სამხედრო პენსიონერმა ვიტალი ვოტანოვკსიმ მიაწოდა.
„აგვისტოში ეს სასაფლაო არ არსებობდა. ის სექტემბერში გაჩნდა. აქ არის მსგავსი საფლავები, მსგავსი ძეგლები და გვირგვინები. სამხედროთა სამარხები ძირითადი სამოქალაქო სასაფლაოდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს“, - განუცხადა „კავკაზ.რეალიის“ ვოტანოვსკიმ.
სასაფლაოს მომვლელმა აქტივისტებს დაუდასტურა, რომ სასაფლაო უკრაინის ომში დაღუპულთა დასამარხად გამოიყენება და იქ შვიდი პანაშვიდია დაგეგმილი.
სასაფლაოზე დაკრძალულია 1962 წლიდან 1997 წლამდე დაბადებული მამაკაცები. საფლავების უმეტესობას მართლმადიდებლური ჯვრები ამშვენებს, ზოგიერთებს კი - ვერტიკალური ნახევარმთვარიანი ძეგლები.
მთლიანობაში "ვაგნერელთა" სავარაუდო სასაფლაოზე 58 ადამიანია დაკრძალული.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში არაერთი მედიასაშუალება წერდა, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, რომ "ვაგნერის" მფლობელია რუსეტის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 2022 წლის 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია.ამ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები მონაწილეობენ სამხედრო სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში, რომელშიც ამ ისინი ეჭვმიტანილი არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.


