აშშ უკრაინას Patriot–ის საზენიტო–სარაკეტო სისტემებს მიაწვდის
21/12/2022 08:58:32 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 21 დეკემბერს გამოაცხადებს უკრაინის დახმარების დაახლოებით $2 მილიარდიანი ახალ პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს Patriot–ის საზენიტო–სარაკეტო სისტემებს, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
„პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მოიცავს: Patriot–ის საზენიტო–სარაკეტო სისტემებს, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინელი ხალხის დასაცავად ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს, თუ როგორ მართონ Patriot–ები მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ უკრაინელი ჯარები დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში ცოდნით, თუ როგორ მართონ ეს კომპლექსი“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატების პრიორიტეტია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, მათ შორის NASAMS–ის, HAWK–ის, Stinger–ის და უპილოტო დრონებთან საბრძოლველი აღჭურვილობის.
თეთრმა სახლმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ 2023 წლისთვის უკრაინის დამატებითი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტი დამტკიცდება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე.
„აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და ეს მხარდაჭერა დარჩება ფართო, ღრმა და ორპარტიული“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებში და განაცხადა, რომ გაემგზავრა შეერთებულ შტატებში „უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“.


