მოსკოვში ფინეთის საელჩოს უროებით დაესხნენ თავს
21/12/2022 08:09:17 მსოფლიო
დაუდგენელი ნიღბიანი პირები მოსკოვში ფინეთის საელჩოს უროებით დაესხნენ თავს. ფაქტის ამსახველი ვიდეო რუსულ ტელეგრამ– არხებზე გამოჩნდა.
კადრებში ჩანს 20–მდე ნიღბიანი კაცი. გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საელჩოს შენობა არ დაზიანებულა - თავდამსხმელებმა უროების მხროლოდ ღობიდან ეზოში გადაყრა შეძლეს.
ურო ერთგვარ სიმბოლოდ ითვლება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოქვეყნებული ვიდეოების გამო, თუ როგორ კლავენ ამ იარაღით ადამიანებს. მაგალითად, ნოემბერში „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია ყოფილი რუსი პატიმარი ევგენი ნუჟინის სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯის სცენა უროს გამოყენებით. ნუჟინი „ვაგნერმა“ გადაიბირა უკრაინის ომში მონაწილეობისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის ნებაყოფლობით ჩაბარდა უკრაინულ ჯარებს და გამოაცხადა სურვილი მათ მხარეზე ბრძოლის. მოგვიანებით პირი „ვაგნერელების“ ხელში აღმოჩნდა.
ჩანაწერის კომენტირებისას, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ნუჟინი "შეხვდა სამართლიან ადამიანებს" და "ძაღლს - ძაღლური სიკვდილი". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა, „ეს ჩვენი საქმე არ არის“.
მოგვიანებით მედიაში მსგავსი მეთოდით სიკვდილით დასჯის კიდევ რამდენიმე ასეთი მტკიცებულება გამოჩნდა. ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად და შეიყვანოს იგი შესაბამის სიაში. ამის საპასუხოდ ევგენი პრიგოჟინმა ევროპარლამენტს გადასცა ურო სისხლის კვალით.


