აშშ–ის წარმომადგენელთა პალატა ტრამპისთვის ბრალის ოთხი მუხლით წაყენების რეკომენდაციით გამოვიდა
20/12/2022 12:03:49 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელიც კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებულ შტურმს იძიებს, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, ოთხი მუხლით წაუყენოს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
პალატის კომიტეტის წევრები, კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ტრამპს ოფიციალური პროცედურისთვის ხელის შეშლის, ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ თაღლითობის მიზნით შეთქმულების, ცრუ ჩვენების მისაცემად შეთქმულებისა და შეიარაღებული ამბოხისთვის უნდა წაუყენონ ბრალი.
ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც სპეციალური კომიტეტი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი:
„ამ ხალხს არ ესმის, რომ როდესაც ისინი მე მდევნიან, ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება უყვართ, ჩემ გარშემო ერთიანდებიან. ეს მე მაძლიერებს. რაც არ მკლავს, კიდევ უფრო მაძლიერებს“.
16 ნოემბერს ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ორიოდ კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.


