აკარი: „უკრაინაში ომის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის“
20/12/2022 11:54:45 მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის.
მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში მორიგ ჯერზე გაიმეორა თურქეთის ოფიციალური პოზიცია, რომ მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის გაგრძელებას ე.წ. სტამბოლის პროცესის ფარგლებში და რომ ანკარა არ იშურებს ძალისხმევას, მოსკოვსა და კიევს შორის უთანხმოება დიპლომატიური გზით მოგვარდეს.
„თურქეთს მიაჩნია, რომ რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას – დიალოგის გზით, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში და კეთილმეზობლობის პრინციპების დაცვით. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, ომს არ შეიძლება, ჰყავდეს გამარჯვებული, ხოლო სამართლიან მშვიდობას – დამარცხებული. რაც უფრო დიდხანს გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, მით უფრო რთული ხდება მხარეებისთვის ჭრილობების მოშუშება. კონფლიქტის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის“, – განაცხადა ჰულუსი აკარმა.


