
ნოემბრიდან საქართველოში 13 რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი არ შემოუშვეს - კუროპტევი
20/12/2022 08:31:17 საზოგადოება
"ფონდ თავისუფალი რუსეთის'' ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იგორ კუროპტევი ამბობს, რომ 1 ნოემბრიდან საქართველოში 13 ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველები და ჟურნალისტები არ შეუშვეს.
როგორც კუროპტევი ამბობს, მათგან ნაწილი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, ფლობენ უძრა ქონებას.
"1 ნოემბრიდან 13 ადამიანი უფლებადამცველები და ჟურნალისტები არ შემოუშვეს, მათგან 8 მუდმივად ცხოვრობს აქ, ოჯახები ჰყავთ, ბინები აქვთ. მახსოვს, "ოცნების" წარმომადგენელი ამბობდა, რომ „სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეიძლება, რადგან იქიდან ჩამოსული დისიდენტები და აქტივისტები რუსეთის ხელისუფლებისგან იცავენ თავსო“, მაგრამ ახლა საწინააღმდეგო სიტუაცია მივიღეთ: რამდენიმე ათასი ადამიანია, რომლებიც იდევნებიან რუსეთში და საქართველოდანაც ვეღარ გადიან ფონდებისა და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებულ ღონისძიებებზე, რადგან არ იციან, შემოუშვებენ თუ არა უკან. თავიდან ვფიქრობდი, რომ რუსეთიდან შემოსულ პირებს აკონტროლებდნენ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ზეწოლის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავ", - თქვა იგორ კუროპტევმა “მთავარი არხის“ ეთერში.
16 ნოემბერს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარში განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვების პრაქტიკა.
მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნან საფრთხე, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და საზღვრიდან აბრუნებენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ არაერთ აქტივისტს, ჟურნალისტსა და ბლოგერს საქართველოში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყოველგვარი კონკრეტული განმარტების გარეშე.