აშშ ბელარუსს დამატებითი სანქციებით ემუქრება
20/12/2022 06:37:33 მსოფლიო
ბელარუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. ამის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმეს შთანთქმას. ნედ პრაისმა აღნიშნულ განცხადებას ირონიის მწვერვალი უწოდა ლიდერისგან, რომელიც მოცემულ მომენტში ცდილობს, ძალადობრივად შთანთქოს მშვიდობიანი მეზობელი.
19 დეკემბერს ვლადიმირ პუტინი სამი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში, რათა მონაწილეობა მიეღო პირისპირ მოლაპარაკებებში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ასევე უფრო ფართო ფორმატში ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების მონაწილეობით. მინსკში ასევე ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ომის შემსწავლელი ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) მიაჩნიათ, რომ ამ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს ალექსანდრ ლუკაშენკოზე, რათა დათმობაზე წავიდეს რუსეთ-ბელარუსიის ინტეგრაციაში. ISW-ის ექსპერტები თვლიან, რომ პუტინის ვიზიტი მინსკში შეიძლება, ასევე მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ცდილობს, შექმნას პირობები უკრაინაზე განახლებული შეტევისთვის.
თავად პუტინმა მინსკში მოლაპარაკებებს „ძალიან სასარგებლო და დროული“ უწოდა, – იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
პუტინის თქმით, ეს შეხვედრა „ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ შედეგების შესაჯამებლად, არამედ შემდგომი ნაბიჯების დასადგენად“.
რუსული სახელმწიფო მედიარესურსის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ მან მინსკში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნა და მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელებაზე.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის გენერალური სამხედრო დოქტრინის თანმიმდევრული განხორციელების ფარგლებში, ერთობლივი სამხედრო დაგეგმვა მიმდინარეობს.
მოქმედებს რუსულ-ბელარუსის ჯარების რეგიონალური დაჯგუფება. ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე მიიღება ზომები ჩვენი ქვეყნის ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო კოორდინაციისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ლუკაშენკოს და პუტინს უკრაინა საჯარო კომენტარებში არ უხსენებიათ.
იხილეთ ასევე: უკრაინის დაზვერვამ ისაუბრა, რას შეიძლება, ნიშნავდეს პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა მინსკში


