კანადა რომან აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას შეუდგა
19/12/2022 19:26:32 მსოფლიო
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა 26 მილიონ დოლარს ჩამოართმევს სანქცირებული რუსი ბიზნესმენის რომან აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებულ Granite Capital Holdings Ltd.-ს.
კანადის საგარეო სამეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს სანქციების ქვეშ მოქცეული რუსი ოლიგარქის ქონების დაკავების პირველი პროცესია.
„ეს ნიშნავს, რომ მინისტრი ჯოლი ახლა განიხილავს სასამართლოსადმი მიმართვას ქონების საბოლოო კონფისკაციაზე. კონფისკაციის შემთხვევაში მიღებული თანხები შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინის აღდგენისა და პუტინის რეჟიმის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციისთვის“,– აღნიშნას უწყება.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კანადა G7-ის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი ზომები მიიღო.
„პუტინის ოლიგარქები უკრაინაში რუსეთის უკანონო და ბარბაროსული შეჭრის თანამონაწილეები არიან. კანადა არ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი მათი უკანონო შემოსავლებისთვის. დღევანდელი განცხადება აჩვენებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის ელიტებმა გადაიხადონ ფასი პუტინის სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერისთვის. სამართლიანი და მიზანშეწონილია, რომ რუსული აქტივები გამოყენებულ იქნას უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა.
რომან აბრამოვიჩს კანადური მხარის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქციებს ექვემდებარება.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ოტავამ სანქციები დააწესა 1500-ზე მეტ ფიზიკურ პირზე.


