
თურქეთი და რუსეთი საქართველოს გავლით ვაჭრობის გააქტიურებას გეგმავენ
19/12/2022 17:34:48 პოლიტიკა, ეკონომიკა
თურქეთი და რუსეთი გეგმავენ, გადახედონ 34 წლის წინ გაფორმებულ შეთანხმებას სახმელეთო ტრანსპორტის შესახებ, - იუწყება ადგილობრივი მედია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფარუქ ქაიმაქჩის განცხადებაზე დაყრდნობით. ჩინოსნის აზრით, ახალი დოკუმენტის გაფორმება რუსეთში საქართველოს გავლით სახმელეთო გადაზიდვების მნიშვნელობას გაზრდის, საბაჟო პროცედურების გამარტივება კი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობების ზრდას შეუწყობს ხელს.
შეთანხმება, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მოეწერა ხელი, უნდა მიესადაგოს ამჟამინდელ რეალობას, - წერს თურქული გამოცემა "Yeni Şafak".
მისივე ინფორმაციით, თურქულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფარუქ ქაიმაქჩიმ განაცხადა, რომ უკრაინული კრიზისის ჭრილში წარმოიშვა სერიოზული პრობლემები რუსეთში სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვებთან დაკავშირებით, უმთავრესად – უკრაინის გავლით, ახალი დოკუმენტის გაფორმება კი (დოკუმენტი ყოველწლიურად 31 იანვარს პროლონგირდება) გაჩნდება ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა.
ახალი შეთანხმება, კერძოდ, ითვალისწინებს სატრანზიტო საბუთების აუცილებლობის გაუქმებას ტრანსპორტისთვის, რომელსაც 6 ტონაზე ნაკლები ტვირთი გადააქვს. ამასთან, გაჩნდება სახმელეთო ტრანსპორტისთვის ელექტრონული სატრანზიტო დოკუმენტების გამოყენების შესაძლებლობა, - განმარტა თურქმა ჩინოსანმა.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე საკმაოდ ხშირად წარმოიშობა სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობები. ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის - სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ხარჯზე, განსაკუთრებით შესამჩნევია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.