Accentnews.ge
"არ დავუშვებთ!" - რუსეთი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება

"არ დავუშვებთ!" - რუსეთი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება

19/12/2022 16:15:03 ეკონომიკა

რუსეთი თურქმენეთიდან აზერბაიჯანისკენ ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას "არ დაუშვებს", - განაცხადა რუსმა სენატორმა ალექსანდრე ბაშკინმა. ამის კვალდაკვალ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გააკეთა განცხადება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების "საგზაო რუქას" შეიმუშავებს.

"დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ თურქმენული გაზი შეიძლება, ბაქოდან თურქეთს მიეწოდოს, იქიდან კი - ევროპას, რაც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. მაგრამ კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ იმ დოკუმენტის თანახმად, რომელსაც კასპიისპირეთის ხუთმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, ყველა მათგანი ვალდებულია, სენსიტიურ პროექტებზე თანხმობა ეკოუსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით განაცხადოს. რუსეთი კასპიის ზღვის ეკოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტის რეალიზებას ვერ დაუშვებს", – განაცხადა რუსმა სენატორმა და იქვე დასძინა, რომ "თურქმენეთის ეკონომიკურ ინტერესებს არაფერი ემუქრება, რადგან რუსეთისთვის ამ მეგობრულ ქვეყანაში მოპოვებული გაზის ნებისმიერი რაოდენობა სრულად შეიძლება, იქნას რეალიზებული ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში".

მისი ეს გამოსვლა დროში დაემთხვა თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრას, რომელზეც გაფორმდა შეთანხმება ენერგეტიკული თანამშრომლობის თაობაზე. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სამიტზე ტრანსკასპიური გაზსადენის შესახებ არაფერი თქმულა. თუმცა როგორც თურქული სააგენტო "ანადოლუ" იუწყებოდა, სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, ითანამშრომლოს თურქმენეთსა და აზერბაიჯანთან თურქმენული გაზის ევროპისთვის მიწოდების საკითხებში.

რუსი სენატორის განცხადების კვალდაკვალ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გააკეთა განცხადება და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთიდან ევროპაში გაზის მისაწოდებლად "საგზაო რუქა" უახლოეს ხანებში იქნება მზად, რომ სამუშაო ჯგუფი უკვე აქტიურად მუშაობს და მუშაობა კიდევ უფრო დაჩქარდება.

თურქული პრესა კი დღეს პრეზიდენტ ერდოღანზე დაყრდნობით წერს, რომ თურქმენეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების საკითხი საბოლოოდ თურქმენეთის ლიდერის თურქეთში იანვრისთვის დაგეგმილი ვიზიტის დროს გადაწყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S