
საქართველო რუსეთში სასმელი და მინერალური წყლის მთავარი მიმწოდებელია
19/12/2022 15:53:12 პოლიტიკა, ეკონომიკა
ბოლო სამი თვის შედეგებით, საქართველო რუსეთში სასმელი და მინერალური წყლის მთავარი მიმწოდებელია, - იუწყება რუსული ТАСС-ი რუსეთის პერსპექტიული ტექნოლოგიების ცენტრის (ЦРПТ) ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კერძოდ, მისივე ინფორმაციით, საქართველოზე რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი მთელი წყლის 71% მოდის, სომხეთზე – 10%, იტალიაზე – 5%, ყაზახეთზე – 4%, სლოვენიაზე – 3%.
ამასთან, სასმელი და მინერალური წყლის რუსეთში იმპორტი ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, თითქმის 25%-ით გაიზარდა, რასაც ЦРПТ-ს ანალიტიკოსები რუსი იმპორტიორების მიერ საახალწლო მარაგებზე წინასწარი ზრუნვით ხსნიან.
ცნობისთვის: დღესვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 თვეში 17 მლრდ დოლარს გადააჭარბა და რომ ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.
ამასთან, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა, რუსეთში ექსპორტი კი - 8.9%-ით.
რაც შეეხება უშუალოდ მინერალურ წყალს, საქსტატის მტკიცებით, მისი რუსეთში ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია და იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ჯამში 46.7 მლნ დოლარი შეადგინა.