Accentnews.ge
ომბუდსმენის აპარატი დეპუტატებს მოუწოდებს, ოპონირებისას ბავშვები ნეგატიურ კონტექსტში არ ახსენონ

ომბუდსმენის აპარატი დეპუტატებს მოუწოდებს, ოპონირებისას ბავშვები ნეგატიურ კონტექსტში არ ახსენონ

19/12/2022 12:15:08 საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი ყველას, მათ შორის პარლამენტარებს მოუწოდებს, პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვანების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება და თავად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი.

„სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ბოლო დროს პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს. ბავშვები არიან უფლებების მატარებელი დამოუკიდებელი ინდივიდები და არა — პასიური ობიექტები. ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანების ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი. თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით პარლამენტის წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატი პარლამენტს მოუწოდებს, დეპუტატის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აამოქმედოს ეთიკის საბჭო.

სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანიზაციებს შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების გამოხმაურებისკენ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოუწოდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ენმ–ის წევრი დეპუტატის ანი წითლიძის "პოსტი".

„რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოღალატე მამის სახელით, ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი და ამას ვერ ასცდება. როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსულ ოცნებასთან უნდა იცოდნენ, რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი, რაც მათ თვითონ აირჩიეს და რაც არამხოლოდ მათ, გაჰყვება მთელ მათ შთამომავლობას“, — დაწერა ანი წითლიძემ სოცილაურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S