დავითაშვილი: "შავი ზღვის კაბელის პროექტის იდეის ავტორი იყო საქართველო, ჩვენ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, შემდგომ შემოგვიერთდნენ სხვა ქვეყნებიც"
19/12/2022 12:09:09 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტის იდეის ავტორი საქართველო იყო.
„ცოტს ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნახეთ, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტუალური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება. ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. მოვისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით – რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის ევროკავშირი მზადაა. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა. ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ზოგადად, საქართველოს მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით გაზრდის“, – განაცხადა დავიტაშვილმა.


