დავითაშვილი: "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელებას 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ"
19/12/2022 11:59:00 პოლიტიკა, ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა "ხუდონჰესის" აშენების დაწყებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა. უახლოეს მომავალში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


