უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან
19/12/2022 06:30:50 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში შეიარაღებული ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 7 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136. გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.


