
პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა
17/12/2022 12:08:57 საზოგადოება
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
აქციის ორგანიზატორი „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
" ჩვენ ამ აქციით ვაფრთხილებთ მას, რომ 22 დეკემბერს თუ სასამართლო არ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას და თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, ეს ადგილი გახდება პერმანენტული აქციების ეპიცენტრი. შეუძლებელია რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდებოდეს ციხეში და სალომე ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებდეს. მას მოუწევს პასუხი აგოს მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანამდე და შესაბამისად, არაფერს არ დავუთმობთ მათ. ვერ შევა თავის რეზიდენციაში და თუ ამის საჭიროება დადგება, სახლთანაც მივაკითხავთ. ჩვენ ახლა გვაქვს ღირებულებითი არჩევანი. ახლა ან ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს დემოკრატიული გზა, ან ვეგუებით რუსულ ჭაობს“, - აცხადებს მუმლაძე.
მისი თქმით, ანალოგიური აქცია 18 დეკემბერს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გაიმართება.