
ქართული ძეგლის დაზიანების ამსახველი ვიდეოს ფიგურანტმა ბლოგერმა კომენტარი გააკეთა
16/12/2022 20:17:21 საზოგადოება
ვიდეოს ფიგურანტი, რომელიც ასახავს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას, პოპულარული რუსი ბლოგერი აღმოჩნდა.
„სახალისო ვიდეოს გადაღება გვსურდა“,– ამგვარად შეეცადა რეილ არსლანოვი საკუთარი ქმედების მოტივაციის განმარტებას.
აღშფოთებული კომენტარების საპასუხოდ არსლანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მეგობრებო, საქართველოდან, ნუ იქნებით ასეთი უხეშები. მივხვდით ჩვენს შეცდომას."
ინციდენტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხესთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ვიდეო 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. ჩანს ორი ადამიანი, ერთ-ერთი ციხის შესასვლელ კარს წიხლს ურტყამს.
სკანდალი ბლოგერის საქართველოდან წასვლის შემდეგ ატყდა.