
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა – თავდაცვის მინისტრი
16/12/2022 18:39:43 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ცნობით, გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარით ერთი წლით გადავადებისათვის.
მისივე თქმით, გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება.
„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გადაიხედა გაწვევის მექანიზმიც. კერძოდ, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან. იქნება 6–თვიაი და 11–თვიანი კურსები. სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ რიგითის წოდება მიენიჭებათ.
ცვლილებები პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.