
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ენერგოობიექტები დაზიანდა რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად - გალუშჩენკო
16/12/2022 13:06:10 ევროპა
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის მორიგი ტალღის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები "როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში".
„გენერაციის ვარდნა შესაძლებელია. არის ავარიული გამორთვა“, - წერს ის „ფეისბუქზე“.
უკრაინელი მინისტრის თქმით, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, აღადგენენ ენერგომომარაგებას.
16 დეკემბრის დილას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ათობით რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით. გაშვებული 40–დან 37 მოიგერიეს უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის რეგიონში. აფეთქებების ხმები ისმოდა კიევის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის რაიონებში.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებები კიევის სამ რაიონში მოხდა.
კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმა დაფიქსირდა, რიგ ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდება პრევენციულად გაითიშა.
რუსეთი დრონებით და რაკეტების გამოყენებით უკრაინის ენერგოსისტემას მასიურ დარტყმებს აყენებს. რუსეთის ფედერაციამ მოახერხა უკრაინის ენერგოსისტემის დიდი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა, რის გამოც უკრაინაში ხდება ელექტროენერგიის როგორც დაგეგმილი, ისე საგანგებო შეწყვეტა.
უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასეთი თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, 2023 წლის გაზაფხულამდე შეუძლებელი იქნება ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვების შეჩერება. ყველაზე მასიური შეტევების დროს რუსმა სამხედროებმა 100-მდე რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მაგრამ ზოგიერთმა რაკეტამ მიაღწია მიზანს.