Accentnews.ge
უკრაინამ რუს მფლობელებს ორი სავაჭრო ცენტრი და შვიდი ლუქს-სასტუმრო ჩამოართვა

უკრაინამ რუს მფლობელებს ორი სავაჭრო ცენტრი და შვიდი ლუქს-სასტუმრო ჩამოართვა

16/12/2022 10:08:00 მსოფლიო

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ რუს ფაქტობრივ მფლობელებს ლუქს კლასის შვიდი ოტელი და ორი მსხვილი სავაჭრო ცენტრი ჩამოართვა, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო.

საუბარია, კერძოდ, კიევის Premier Palace Hotel-ზე, Premier Hotel Rus-ზე, Premier Hotel Lybid-სა და Premier Hotel Slavutych-ზე, ასევე ლვოვის Premier Hotel Dnister-ზე, ოდესის Premier Hotel Odessa-ზე, ალექსანდრიის Premier Compass Hotel-ზე, კიევის სავაჭრო ცენტრებზე "მეტროგრადი" და "მეტროპოლისი".

დაყადაღებულია ამ უძრავი ქონების მფლობელი საწარმოების კორპორატიული ანგარიშებიც.

საგამოძიებო სამსახურმა გენერალური პროკურორის ოფისთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ ხსენებული ობიექტების ნომინალური მფლობელები არიან რუსეთთან, მათ შორის მთავრობის წევრებთან და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან დაკავშირებული არარეზიდენტი კომპანიები და უცხოეთის მოქალაქეები. გამოძიება სწავლობს მათ კავშირს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებთან.

უკვე დადგენილია, რომ ხსენებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილსა და რიგ ბიზნესებსაც.

11 ნოემბერს პეჩორის რაიონულმა სასამართლომ დააყადაღა რიგ უკრაინულ სტრატეგიულ საწარმოებში (Житомироблэнерго, Херсоноблэнерго, Кировоградоблэнерго, Черновцыоблэнерго და Ровнооблэнерго) წილები და ფასიანი ქაღალდები, რომელთა საბოლოო მფლობელები, გამოძიების ვარაუდით, იგივე პირები შეიძლება, იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია, კერძოდ, მოსკოვურ საფეხბურთო კლუბ ЦСКА-ს მფლობელ ევგენი გინერზე, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ ალექსანდრე ბაბაკოვზე და "კრიმინალურ ავტორიტეტ" მიხეილ ვოევოდინზე (ლუშნეცკიზე).

22 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ადრე მათ კუთვნილებში არსებულ კომპანია VS Energy-ში, რომელიც უკრაინის ენერგობაზრის 10%-ს იკავებს.

30 ნოემბერს საგამოძიებო სამსახურმა ბაბაკოვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაში ეჭვმიტანილის სტატუსის მინიჭების შესახებ აცნობა იმის საფუძველზე, რომ კენჭისყრისას მან უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას დაუჭირა მხარი. ახლა მას უკარინაში თავისუფლების უვადო აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ელის.

მანამდე ეროვნულმა პოლიციამ კიევში აღმოაჩინა 11 ბინა, რომელიც რუს დეპუტატს ეკუთვნოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია მმართველი პარტიის წარმომადგენელ დიმიტრი საბლინზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S