
„რაიანეარი“ საქართველოში ფრენებს 6 ნოემბერიდან განახორციელებს
25/10/2019 06:44:39 ეკონომიკა
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.
ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:
მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.