შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ყველაზე მდიდარ ადამიანს ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა
15/12/2022 17:54:44 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ყველაზე მდიდარ ადამიანს ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები შეეხო რუსულ კომერციულ ბანკ "როსბანკსაც".
"როსბანკი" ცოტა ხნის წინ შეიძინა რუსულმა კონგლომერატმა კომპანია Interros-მა, რომელსაც პოტანინი ფლობს.
15 დეკემბრის მონაცემებით, Bloomberg-ს მილიარდერების სიაში პოტანინი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს. იგი 30.4 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს და რუსეთში ყველაზე მდიდარი ოლიგარქია.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ პოტანინმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა არ ჩამოერთვათ აქტივები იმ უცხოური კომპანიებისთვის, ვინც ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯით, შესაძლოა, ინვესტორების ნდობა რუსეთისადმი ათწლეულების განმავლობაში განადგურებულიყო, რაც ქვეყნის იზოლირებას შეუწყობდა ხელს, როგორც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ პოტანინის რჩევა დიდწილად გაითვალისწინა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 10 კვირაში პოტანინმა იყიდა "როსბანკი" ფრანგული კრედიტორისგან Societe Generale-სგან, შეიძინა აშშ-ის სიაში შესული "ფინტექ ჯგუფის" Global Payments-ის რუსული დეპარტამენტი და იყიდა ონლაინ ბანკის მფლობელი TCS Group Holding-ის 35%.


