დასავლეთის გადაწყვეტილებამ რუსი მწარმოებლები სასტიკ კონკურენციაში ჩააგდო, ნავთობს ნახევარ ფასში ყიდიან – Reuters
15/12/2022 14:40:42 მსოფლიო
რუსეთმა „ურალის“ მარკის ნავთობი ინდოეთს დეკემბერში არსებულ ფასსე (60 დოლარი) გაცილებით იაფად მიჰყიდა,– იტყობინება Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის ოფშორული მიწოდების აკრძალვა და რუსეთიდან ზღვით ტრანსპორტირებული ნავთობის ფასის ზღვრად განისაზღვრა ბარელზე 60 დოლარი. ევროკავშირმა ეს შეათანხმა G7-ის ქვეყნებთან და ავსტრალიასთან. რუსეთმა განაცხადა, რომ არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას მაშინაც კი, თუ მას მოუწევს წარმოების შემცირება.
ახლა მოსკოვი იძულებულია, ეძებოს ალტერნატიული ბაზრები, ძირითადად აზიაში, დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელისთვის. ორმა ტრეიდერმა განუცხადა სააგენტოს, რომ დასავლეთის ქმედებებმა რუსი მწარმოებლები ერთმანეთთან სასტიკ კონკურენციაში ჩააგდო, ამიტომ, მათ ფასების შემცირება მოუწიათ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთი გახდა „ურალის“ მარკის ნავთობის მთავარი ბაზარი. დეკემბერში, სააგენტოს წყაროების მიხედვით, ზოგიერთ შეთანხმებაში „ურალის“ ფასი ინდოეთის პორტებში, დაზღვევასა და გემით მიწოდების ჩათვლით, 12-15 დოლარით დაეცა ბარელზე Brent-ის საშუალო თვიურ ღირებულებასთან შედარებით.
მწარმოებლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთის დასავლეთ პორტებში, რადგან ქვეყანაში ზამთრის ამინდისთვის შესაფერისი გემების დეფიციტმა ასწია ტვირთის ღირებულება, რომელიც შეიძლება, გადაიხადოს გამყიდველმა გარიგების პირობებიდან გამომდინარე. სააგენტოს ცნობით, ტვირთის გადაზიდვის ტარიფები 11-19 დოლარამდე გაიზარდა ბარელ ნავთობზე მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3 დოლარზე ნაკლები იყო ბარელზე და 6 დოლარზე მეტი წლის შუა პერიოდში.
Reuters-ის გამოთვლებმა აჩვენა, რომ „ურალის“ ნავთობზე ფასდაკლებები რუსეთის დასავლეთ პორტებში ინდოეთში გასაყიდად ზოგიერთ გარიგებაში გაიზარდა 32-35 დოლარამდე ბარელზე. დეკემბრის დასაწყისში Brent-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი ბარელზე 80 დოლარზე ქვემოთ მერყეობდა. ამავდროულად, რუსული ნავთობის ღირებულება მწარმოებლებისთვის, მათ შორის წარმოების, გადასახადების და ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით 15-45 დოლარს შეადგენს ბარელზე, წერს სააგენტო რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პაველ სოროკინზე დაყრდნობით.
რუსი ნავთობის მომწოდებლები ცდილობენ, გადაიტანონ „ურალის“ ნავთობი ინდოეთში, საკუთარი გემებისა და პარტნიორების გამოყენებით, რამაც შეიძლება, შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები, – ამბობენ მოვაჭრეები. მაგრამ ბევრი ნავთობის მწარმოებელი კვლავ ეყრდნობა სავაჭრო ფირმებს, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა გაუზიარონ ნებისმიერი მოგება.
ინდოეთი აზიის მეორე უმსხვილესი ნავთობის მომხმარებელია ჩინეთის შემდეგ, მაგრამ მარშრუტი ამ ქვეყნისკენ უფრო მოკლეა, ვიდრე ჩინეთამდე და ქვეყნის გადამამუშავებელი ქარხნები შესაფერისია რუსული ნავთობის გადასამუშავებლად. გარდა ამისა, ინდოეთი აღიარებს გემებს და სადაზღვევო დაფარვას რუსული კომპანიების მიერ, რომლებიც არ არის აღიარებული ევროპაში. „ურალის“ მიწოდება ინდოეთში გაიზარდა მინიმუმ 3,7 მილიონ ტონამდე გასულ თვეში და მიაღწია საზღვაო პორტის მთლიანი დატვირთვის რეკორდულ – 53,2% -ს.


