კიევი: კრემლი სამხედრო ტექნიკის წარმოებას ზრდის, თუმცა მისი ხარისხი დაბალია
15/12/2022 14:38:46 მსოფლიო
ბრძოლის ველზე შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაში რაოდენობრივი უპირატესობის მისაღწევად კრემლი ტექნიკის წარმოებას ზრდის, თუმცა ამას პროდუქციის ხარისხის ჩამოქვეითების ხარჯზე ცდილობს, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა.
"კრემლი აცნობიერებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მისთვის ომში გამარჯვება შეუძლებელია, ამდენად, ცდილობს, კონფლიქტი გრძელვადიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიყვანოს უკრაინისა და მისი პარტნიორების გადასაღლელად. უახლოეს პერსპექტივაში დამპყრობლის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად აღების სტრატეგიული დავალების შესრულებაზე" - აღნიშნა მან.
12 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ "The New York Times"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას, მაღალი სიზუსტის თანამედროვე რაკეტები აწარმოოს, დასავლური სანქციების მიუხედავად.


