ISW: რუსულ ჯარს "დიდი შეტევის" განხორციელების უნარი აღარ აქვს
15/12/2022 13:35:26 მსოფლიო
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, აციებასთან ერთად უკრაინაში შეტევითი ოპერაციების ტემპი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რუსულმა ჯარმა უახლოეს თვეებში რაიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება შეძლოს.
13 დეკემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამობილიზაციო ძალისხმევა, გაწვევის გამოცხადება და მძიმე შეიარაღების გადაადგილება მოსკოვის მიერ 2023 წლის იანვარ-თებერვლისთვის "დიდი შეტევისთვის" მზადების ნიშანი შეიძლება, იყოს.
"შედარებით მარტივად რუსულ ჯარს უახლოეს თვეებში შეტევითი ოპერაციების განახლება ორი მიმართულებით შეუძლია: უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვ-ლუჰანსკის საზღვრის გასწვრივ, ან დონეცკის ოლქში. როგორც ჩანს, რუსულ ჯარებს მძიმე ტექნიკა ლუჰანსკის ოლქის საზურგე რაიონებიდან ხარკოვის ოლქთან საზღვრისკენ გადაჰყავთ და ამავე ხაზის გასწვრივ საკუთარი ძალები გადააჯგუფეს. ამასწინათ ხერსონიდან გასული რუსული ძალები გადადისლოცირდნენ დონბასის სხვადასხვა რაიონებში და გაძლიერდნენ რეზერვისტებით. გარდა ამისა, რუსებს შესაძლოა, დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში შეტევის იმედი ჰქონდეთ იმ უმნიშვნელო პროგრესის განსავითარებლად, რომელსაც ნოემბერში უგლედარი-პავლოვკის რაიონში მიაღწიეს. რუსული ჯარი კვლავინდებურად ისწრაფვის მთელი დონეცკის ოლქის ასაღებად. თუმცა ახალი შეტევითი ოპერაციების პოტენციალის მიუხედავად, რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები დეგრადირებული რჩება და ნაკლებ სავარაუდოა, მისმა ჯარმა უახლოეს თვეებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომელიმე ტერიტორიის დაკავება შეძლოს", – ნათქვამია ISW-ს მოხსენებაში.
ცნობისთვის: სექტემბერში რუსეთმა, ოფიციალური ინფორმაციით, 300 000-მდე მოქალაქის მობილიზაცია დაიწყო. ანალიტიკოსების აზრით, მობილიზაციის ეს პირველი ტალღა უკანასკნელი არ იქნება.


